მარნეულსა და ბოლნისში სამედიცინო შემოწმება 130 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

ქვემო ქართლის რეგიონის წითელ ზონაში სამედიცინო შემოწმება 130 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.მუნიციპალიტეტებში კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება. 

მარნეულში  ბოლო მონაცემებით, 92 000 ადამიანი შემოწმდა. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა. მისივე ცნობით, საველე ჰოსპიტალში იმყოფება 6  ადამიანი, რომელთაგან ორის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.  ზაურ დარგალის ინფორმაციით, კორონავირუსით​ დაინფიცირების მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით ,მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს  და დადგენილია ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი ჰქონდა.ზაურ დარგალმა კომენდანტის საათის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა,რომ მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მშვიდი ვითარება იყო. 

რაც შეეხება ბოლნისს , ბოლნისში სამედიცინო შემოწმება, ბოლო მონაცემებით, 38 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან კორონავორუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. 

 ამ დროის მდგომარეობით ,ბოლნისში თვითიზოლაციას გადის 372 ადამიანი, საკარანტინო ზონაში რჩება 27 პირი.