ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელობნად გაიზარდა PCR (პისიარ) ტესტით ტესტირებულთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბოტრატორიებიდან მიღებულ იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები 2% -ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.
„მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს, ისაა, ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა, იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე ჩატარებული მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ხორციელდებოდა საკარანტინე სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში – მოგეხსენებათ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია და იქ ტარდება ძალიან აქტიური ეპიდზედამხედვლეობის ღონისძიებები, რომელთაც სჭირდებათ პერიოდული გამეორება. გვაქვს გაწერილი გეგმა 2 ინკუბაციური პერიოდისთვის – ესაა ღონისძიებები, რომლებიც უნდა შესრულდეს 28 დღის განმავლობაში ეტაპობრივად. ეტაპობრიობა ითვალისწინებს თერმოსკრინინგს, დადებით შემთხვევაში ნაცხის ანალიზს და გამოკვლევას PCR მეთოდით, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ეს ღონისძიებები ითვალისწინებს პაციენტის გადაყვანას მკურნალობის მიზნით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დაფიქსირდება შემთხვევების მომატებული რაოდენობა. ერთი ოჯახი ან 3-4 შემთხვევა, კლასტერები, რომლებიც ყალიბდება კონტაქტების კვლევის საფძველზე, საჭიროებს აგრესიულ ტესტირებას. ამას ვიყენებთ რამდენიმე თვეა, რაც ვირუსის გადაცემის თავიდან აცვილების მიზნით დავიწყეთ,“ – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად დადასტურებული შემთხვევები შემცირდა.