თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან კორონავირუსი ერთს, თეთრიწყაროს სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა ბეროზაშვილის თქმით, პაციენტი მათს ცენტრში გუშინ ცხელების ჩივილებით შეიყვანეს, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ ეტაპისთვის 54 პაციენტია. კვლევა ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან ერთი კორონავირუსზე დადებითია, დანარჩენები ყველა უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით. მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილები არ აქვს. ახლა ხდება მისი გადაყვანის ორგანიზება. ეს ახალი პაციენტი არ არის ექიმი, საშუალო მედპერსონალია“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.