თენგიზ ცერცვაძე – ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პიკი აპრილის ბოლოსთვის იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველოსთვის ყველაზე დაძაბული შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს.

როგორ მან აღნიშნა, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში შესაძლოა პიკი აპრილის ბოლოს იყოს.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული.

ახლა ეს პროპორცია, შედარება საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, მკვეთრად საქართველოს სასარგებლოდაა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი, ასეთი პროპორცია შევინარჩუნოთ. ამას ვიმედოვნებ.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში, საფრანგეთში ან ინგლისში ინფიცირებულების, ან სიკვდილიანობის რაოდენობის კლების შესახებ ცნობები ჩნდება, მეორე დღეს ქვეყნდება ინფორმაცია კვლავ მომატების შესახებ. ანუ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეპიდემია უკან იხევს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პიკი დაახლოებით ორ კვირაში იქნება, შემდეგ პლატო გაგრძელდება დაახლოებით სამი კვირა და შემდეგ, ეპიდემია მაინც დაღმავალი ტალღით წავა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.