თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლებელია საქართველოში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ეს დადასტურებულია.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი რიცხვი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან მცირეა.
„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ გადავითვლით ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-ჯერ და 300-ჯერ ნაკლები, ვიდრე ვთქვათ იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.
მაგრამ თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს რიცხვი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა სიცხადე შევიტანო.
ის ვარაუდი, რომ მოსახლეობის შესაძლოა უფრო მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომოდ, ვიდრე ეს დღეს ჩვენ ვიცით, ეს სავსებით რეალურია.
ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.