თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული

საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებული ზომების უფრო მეტად გამკაცრება საჭირო არაა.

„საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ. თუ ექნება ისევ ისეთი უპასუხისმგებლობის გამოვლინებებს ადგილი, როგორსაც მარნეულში ჰქონდა გუშინ, თუ ძალით მოვინდომეთ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელიც არის სრულიად არასაჭირო, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა.

გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრების აუცილებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.