იგეგმება თუ არა ქალაქ რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადება? – აღნიშნული კითხვით დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართეს.
მინისტრის განცხადებით, რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამ ეტაპზე არ განხილულა. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს არც ცალკეულ ქალაქებსა თუ რეგიონში, არც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
“ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა დღეს, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონრეტულ შემთხვევაში რაიმე სახის აუცილებლობას დამატებით ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თმა უნდა, ასეთ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება.
თუმცა დღევანდელი დინამიკის გათავლისწინებით მთავარია ჩვენ დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები. დავიცვათ ყველა ის შეზღუდვა და რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და მხოლოდ ამ რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დაცვით შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე.
თუ სამწუხაროდ ეს რეგულაციები არ იქნება დაცული ზედმიწევნით, თუ მოქალაქეები არ მოგვყვებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, ან თუ გვექნება ცალკეულ კლასტერში, ცალკეულ რეგიონში, დაწესებულებაში ეპიდომოლოგიური სიტუაციის გაუარესება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჯანდაცვის ექსპერტების მითითებით, ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს ზომების გამკაცრება ცალკეულ ვიწრო შემთხვევაშიც ან მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ ამის აუცილებლობა დადგება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთავში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა რუსთავის საკრებულოს დეპუტატი.