დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად Covid-19 ინფექციაზე ის გარემო ფაქტორები იმოქმედებს, რაც ჩვეულებრივ სხვა რესპირაციულ ვირუსებზე მოქმედებს ხოლმე.
მისივე თქმით, დაავადების გავრცელების ინტენსივობა ზაფხულში ალბათ ნაკლები იქნება, თუმცა საზოგადოება შემოდგომისთვის უნდა მოემზადოს.
“იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონი გარკვეულწილად მხარს დაგვიჭერს. ამაზე მე არ ვიცი სხვა ეპიდემიოლოგებს რა შეხედულება აქვთ, ალბათ, არ შეგვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კოვიდინფექციაზე იმოქმედოს იმ გარემო ფაქტორებმა, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე.
მისი გავრცელების ინტენსივობა საიმედოდ ალბათ უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა სავარაუდოდ, კიდევ იქნება ამ ინფექციის გავრცელების ზრდა” , – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.