საქართველოს პარლამენტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, არა საგანგებო ვითარების დროს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 10 000 ლარით. ჯარიმები ძალაში იქნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
საგანგებო მდგომარეობის დროს კი იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქცია დაწესდა. კერძოდ, იზოლაციის/ კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ინფორმაციისთვის, ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.