კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.
შეგახსენებთ, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.