ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.
„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.
ბოლო ხუთი კვირის მანძილზე Covid-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის მომსწრეები გავხდით. მან თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი – 50 000-ს მიაღწევს,“ – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.