კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, გუშინ კლინიკაში სასულიერო პირი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, პაციენტს ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19. 

„სასულიერო პირისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზი დადასტურებულია. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი გადაედო დისგან, რომელიც არის მედდა. არ ვიცი, რომელს რომლისგან გადაედო. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს. ოჯახიდან კლინიკაში სულ სამი წევრია მოთავსებული. ოჯახის რომელი წევრია წყარო, ჯერ არ ვიცით. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური მიხედავს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.