კორონავირუსის ახალი შემთხვევები მარნეულს, ბოლნისსა და თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ეზუგბაიას განცხადებით, უმრავლესი პაციენტების წყარო დადგენილია და ბოლნისს, მარნეულსა და თეთრიწყაროს უკავშირდება..

მისივე თქმით, ორი პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის და კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა 496 შემთხვევა, დღეისთვის 24 საათში დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 511 დადასტურებული შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან ძირითადად ცნობილია წყაროები. ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო. მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში ამ დროისთვის სულ 349 პაციენტი მკურნალობს.