ლევან რატიანი – დღეს ხუთი ადამიანის გამოჯანმრთელებას ველოდებით

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკიდან დღეს ან ხვალ გაეწერებიან.

როგორც მან განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში სამი ბავშვი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

„რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთი ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.