პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, წონის მკვეთრი დეფიციტი ჰქონდა, ვირუსი კი, ნებისმიერი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„79 წლის ქალი 31 მარტს მარნეული-ბოლნისის წითელი ზონიდან იყო შემოყვანილი. შემოყვანისას იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღენიშნა მკვეთრი წონის დეფიციტი. ასევე, ჰქონდა გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ბოლო ათი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ხველა და ამის გამო მიმართა კლინიკას.
ჩვენს კლინიკაში შემოყვანისთანავე, ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, რადგანაც სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა პნევმოთორაქსი, რაც ნიშნავს ფილტვის ჩაჩუტვას. ჩატარდა ყველა ღონისძიება, რაც ამ პროცედურისთვისაა დამახასიათებელი. პაციენტის გულის ფუნქცია არ არსებობდა. ასევე, შემოყვანისთანავე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.









