თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ინფექციურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
„ჩვენი გამოსაჯანმრთელებელი პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი.