მარნეულიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში, სარეალიზაციოდ, დაახლოებით, 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს.

პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორცილდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, აბსოლუტურად მოწესრიგებულია რიგები, დაცულია დისტანცია და არ არის რისკი ამ პროცესში დაავადების გავრცელების. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სახელმწიფო უწყებებს და რა თქმა უნდა ხალხს, რომელმაც სწორად გაიგო ეს გამოწვევა. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და თემატური შეხვედრა უწყებებს – ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ოპერაციული მართვის შტაბიდან. გავაანალიზეთ რა კონცენტრაცია შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 27 აპრილამდე და რა იქნება 27-დან 3 მაისამდე, როცა გაიხსნება აგრარული ბაზრები და საბითუმო სივრცეები.

ჩვენ გვემატება რესურსი იმისთვის, რომ გარკვეულად, უფრო მეტად, ეფექტურად მოვახდინოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანა და არ შევქმნათ პრობლემები. ხვალ სამუშაო პროცესი გაგრძლდება სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც სისტემურად აწესრიგებენ პროდუქციის გატანის პროცესს, თუმცა, დაახლოებით 30-დან 35 %-მდე სხვა დისტრიბუტორები, მეტ-ნაკლები სიმძლავრის, მუდმივ რეჟიმში მოძრაობენ მარნეულში, ასევე, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში და ამარაგებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტით დანარჩენ საქართველოს“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების საკითხებზე იმსჯელეს.