მარნეულში კორონავირუსის დადასტურებული ფაქტი 11-მდე გაიზარდა. სოფელ მარადისში გუშინდელ დადასტურებულ შემთხვევას 2 ფაქტი დაემატა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
“32 ახლო კონტაქტის, მათ შორის, ოჯახის წევრებისა და ნათესავების საკვლევი მასალა იქნა აღებული. გადაიგზავნა თბილისში და დაველოდებით შედეგებს. გიდასტურებთ, რომ 40 ოჯახია სოფელ მარადისში 210-220 ადამიანამდე. ისინი სრულად იზოლირებულები არიან. სამწუხაროდ, გუშინდელ ფაქტს დაემატა 2 ოჯახის წევრი და სულ მარნულში დადასტურებული ინფიცირების ფაქტი გახდა 11. ქვემო ბოლნისისგან განსხვავება ის არის, რომ აქ, სამწუხაროდ, დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. ქალბატონი სადაც გადაადგილდებოდა კონტაქტებს ვსწავლობთ, მეუღლის კონტაქტებს ვსწავლობთ, მისი სამსახურიდან გამომდინარე და აქაც სცილდება ერთ სოფელს მისი კონტაქტები. დაწყებულია უკვე მათი მოძიება და 4 კონტაქტი აღებულია მეუღლის კონტაქტები.”,- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ სოფელში პირველ დაინფიცირებულ ქალბატონთან კონტაქტში მყოფი 32 ადამიანის პასუხები ხვალ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევევების ზრდის მიუხედავად, ნახტომისებური ან მკვეთრი მატება არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი მარნეულის სოფელ მარადისის მკვიდრს, 49 წლის ქალს, დაუდასტურდა.