ბოლნისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლნისში ახლადდაინფიცირებული 3 პირი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. კერძოდ, ერთი პაციენტი ექიმია, ხოლო ორი ექთანი.

რაც შეეხება დანარჩენ 5 ინფიცირებულს – ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ოჯახის წევრები არიან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ბოლნისში, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშაობა შეჩერებული აქვთ.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ჯამში 50 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 8 გამოჯანმრთელდა, 1 კი – გარდაიცვალა.