მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადა დღეს იწურება

მოქალაქეებს, რომლებსაც ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს აქვს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.

პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

სემეკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, სამივე თვეზე.