სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები”,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დღეს საღამოს მესტიის რაიონში, მულახის თემში მოხდა.