“მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა.
„არის ახალი 18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის სახლში მკურნალობაზე გადასვლა დაავადების სირთულიდან გამომდინარე ეტაპობრივად მოხდება.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკა უკვე გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა.
„ჩვენ სატესტო რეჟიმში უკვე გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკას ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.