მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს დაუფინანსებს

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება.