რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და “წითელი ჯვრის” ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალაქში მოსახლეობის დახმარების კიდევ ერთი კამპანია დაიწყო.
“წითელი ჯვრის” მოხალისეები ქალაქის სუპერმარკეტებში ყოველდღიურად შეაგროვებენ სასურსათო პაკეტებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტებს შეგროვებაში თავად მოქალაქეები იქნებიან ჩართულნი და ისინი სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქტებს შეიძენენ, რომელთაც მოხალისეები შეაგროვებენ და შემდგომ ეტაპზე დახმარების საჭიროების მქონე პირებს გადასცემენ.
არსებული კამპანიის ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევა, არამხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბაზიდან, არამედ მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვითაც ხდება.
რუსთავის მერის განცხადებით, გუშინ პროდუქტების კალათა 80-მდე ოჯახს გადაეცა.
“მოსახლეობის დახმარებია პროექტს დამატებით აქცია დაემატა. კამპანიის ფარგლებში მაღაზია გამოუყოფს “წითელი ჯვრის” მოხალისეებს ფართს და ამ მაღაზიაში შემსვლელ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება იყოდოს ნებისმიერი სახის პროდუქტი და დატოვოს სპეციალურ კუთხეში. ხდება პროდუქტებია აღრიცხვა და გადანაწილება. გუშინდელი აქციის შედეგად ფაქტობრივად 80 ოჯახზე შეგროვდა კალათა და დიდი მადლობა ყველა რუსთაველს, რომელიც თავისი კეთილი ზრახვებით ეხმარება თანამოქალაქეებს”,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მოსახლეობას დახმარების მისაღებად შეუძლია, დარეკოს მერიის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 0(341) 255127, 255183, 270005.









