დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განაცხადებით, საქართველოში სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს. ამასთანავე, პაციენტთან პირველადი ტესტი უკვე უარყოფითია და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ჩაითვლება ის გამოჯანმრთელებულად.
„ასეთი პაციენტი საქართველოში არის ერთი. ამ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ტესტი და იყო უარყოფითი, ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ გახდეს უარყოფითი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლუტურად ჯანმრთელია“, – განავცხადა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ განმარტა, პაციენტები სახლში დარჩებიან სამკურნალოდ თუ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ კლინიკები ვეღარ დაიტევენ.
„როცა ვეღარ დაიტევენ პაციენტებს ჩვენი კლინიკები. საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ, ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს. თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარჩა სახლში სამკურნალოდ, აქ იყო ოჯახური, პირადი მოტივები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.









