დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლით მოუწიოს.
პაატა იმნაძის თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა.
“კოვიდ-19”-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების, მოგვიწევს ამაზე საკმაო ხნით გადაჩვევა…რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა…
რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართველოში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს.
“ეს არ გაგვიჟღერებია ამ დრომდე. ის ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი“, – აღნიშნა იმნაძემ.