პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

საკითხი დღეს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 10 დეპუტატი იყო.

სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. ასევე, მთავრობის მხრიდან საკითხი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. გუშინ კი, მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართა. პრეზიდენტმა ვადის გახანგრძლივებას ხელი მოაწერა და შესაბამისი ბრძანება გამოსცა.