პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოცხადებული ვადებით გაგრძელდება

 პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი გამოცხადებული ვადებით გაგრძელდება. ამის შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. დგებუაძის თქმით, ყველა დარეგისტრირებული მოსწავლე, სკოლაში ჩაირიცხება.

 „რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ეხებოდა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. სკოლებში ჩარიცხული იქნება ყველა რეგისტრირებული ბავშვი აპრილის ბოლოს და ჩვეულებრივ გამოცხადებული ვადებით გავაგრძელებთ პირველკლასელთა რეგისტრაციას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 შეგახსენებთ, რეგისტრაციის პირველი ეტაპი, 2 მარტს დაიწყო და16 მარტის ჩათვლითგაგრძელდა, ამ ვადებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები დარეგისტრირდნენ.

 რეგისტრაციის მეორე ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

 მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 მეოთხე ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.