პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა დაიწყო, რაც ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდასა და მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას გულისხმობს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია და შესაძლოა, ეს დაავადება ყველას შეეხოს.

„ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება. პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას. თუ არ გვინდა, რომ საქართველომ არ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ. თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია, ისევე როგორც უნდა გვესმოდეს რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს. ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე, მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.