რუსთავის მერის განცხადებით, არსებულ ვითარებაში მუნიციპალური ავტობუსები 2 მიმართულებით იმუშავებენ. ავტობუსები ტრანსპორტირებას მეტალურგიული კომბინატის თანამშრომლებს გაუწევენ და ამავდროულად რუსთავში არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის საჭირო მომსახურებასაც განახორციელებენ
“ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ, მეტალურგიას აქვს განსაზღვრული დროები, რომლის შესაბამისად, გაფორმაბული ხელშეკრულების საფუძველზე ვახორციელებთ მისი თანამშრომლების გადაყვანას და დამატებით ტრანსპორტი 2 დღეა, რაც ტესტ რეჟიმში მოძრაობს. უფასო სასადილო გვაქვს 4 და ბენეფიციარებისთვის აუცილებელი რაც არის მომსახურების ვალდებულებას განახორციელებს მხოლოდდამხოლოდ რუსთავის ავტოტრანსპორტი”,- აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ.
როგორც ქალაქის მერმა TV4-ს განუცხადა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რუსთავის მასშტაბით არსებული საწარმოების საქმიანობის ნებართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიიდან ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური სია გადაეგზავნა.
ირაკლი ტაბაღუას განმარტებით, სამინისტრო დეტალურად შეისწავლის იმ საწარმოების საქმიანობას, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და სჭირდებათ თანამშრომლების ტრანსპორტირებას. მისი თქმით, საუბარია რუსთავში არსებულ მსხვილი და საშუალო ზომის დაახლოებით 65 საწარმოზე, რომლებიც ვალდებული არიან, რომ ეკონომიკური საქმიანობა მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ.
ინფორმაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა მუნიციპალიტეტებისგან უნდა აიღონ.