რუსთავის ცხელების ცენტრში ტესტს ლუგარში გადასაგზავნად ადგილობრივი სპეციალისტები აიღებენ

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი შემცირდა და ამ ეტაპისთვის იზოლაციაში 21 ადამიანი იმყოფება – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავის ცხელების ცენტრში ბოლო 3 დღის განმავლობაში აღებული ყველა პაციენტის ანალიზის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ქალაქში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რუსთავის ცხელების ცენტრში მომუშავე სამედიცინო პერსონალი უკვე გადამზადდა და ისინი ახალი კორონავირუსზე ტესტებს თავად ატარებენ, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. 

“ყველა ტესტი უარყოფითი პასუხით დაბრუნდა, რაც ცხელების ცენტრიდან ამ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ჩატარდა.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცხელების ცენტრში უკვე  გადამზადებული, ჩვენივე თანამშრომლები იღებენ ტესტებს და ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს ტესტების ჩატანას ლუგარის ლაბორატორიაში. ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა და ამ ეტაპისთვის იზოლაციაში 21 ადამიანი რჩება”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის ცხელების ცენტრის დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში არცერთი პაციენტი არ იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ამ დრომდე კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება