რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 2 პაციენტი ელოდება

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის კორონავირუსზე ტესტის პასუხს 2 პაციენტი ელოდება.

“TV4-ის” ინფორმაციით, პაციენტები ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი გორში ინფიცირებული ჯარისკაცის კონტაქტია, მეორე კი ჩეხეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე აღნიშნავს, პროტოკოლის თანახმად, ადგილობრივი პერსონალი მათ ტესტებს დღის მეორე ნახევარში, ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაგზავნის.

პაპუნა ბახტაძის ცნობით, კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის შემთხვევაშიც, რომელმაც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ რუსთაველ ქალს სამედიცინო მომსახურება გაუწია. პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ამ დროისათვის კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. თვითიზოლაციაში კი ქალაქში 21 ადამიანი იმყოფება.