რუსთავის №2 დიაგნოსტიკური ცენტრი 112-ის სისტემას შეუერთდება

უახლოეს მომავალში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით 112-ის სისტემაში რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრი ჩაერთვება, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით 112-ში შესულ და მათთან გადამისამართებულ მოქალაქეებს, ოჯახის ექიმი 24 საათიან რეჟიმში გაუწევს კონსულტაციას.

კერძოდ, როგორც ცენტრის დირექტორი მანანა კაპანაძე აცხადებს, ექიმის მოვალეობაში შევა პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა. მისივე განცხადებით, შეიქმნება შემოსული სატელეფონო ზარების რეესტრი და ოჯახის ექიმები ვალდებულები იქნებიან,  მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციები, პირველი საუბრიდან,  მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს , მონიტორინგის მიზნით გაუწიონ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს მეორე დღეა რაც დიაგნოსტიკურისა და 112-ის თანამშრომლობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა ქვემო ქართლის მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციის მიღება  უახლოეს მომავალში შეეძლება. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის რომ სამედიცინო დაწესებულებებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლობა შედგეს- მიზანი,  ახალი კორონავირუსის გავრცელების  თავიდან აცილებაა.