რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ქალაქის ცალკეული კორპუსები, ან მიკრორაიონები ჩაიკეტოს.
“რუსთავში ექვსი ინფიცირებული გვყავს და ჯერ კარანტინის გამოცხადების არავითარი საფუძველი არ არის. აქ ჯერ ეს საჭიროება არ არის და იმედი გვაქვს რომ არც იქნება. თუ გავრცელების ფაქტებმა შესამჩნევად იმატა, აქ უკვე ყველა შესაძლო ვერსიისთვის მზად ვართ ნებისმიერ დონეზე, თუმცა შესაძლებლობა ქალაქს აქვს გადაიკეტოს რამდენიმე კორპუსი, ასევე, ქუჩა, მიკრორაიონი და ა.შ.
თუმცა, ცალსახად ვამბობ, ყველა გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. უკვე იზოლირებულია მნიშვნელოვანი ნაწილი. გარე კავშირებიც დადასტურებულია და გაფრთილებულია ხალხი და არავითარი განსაკუთრებული ზომების მიღება ამ ეტაპისთვის რუსთავში არ იგეგმება,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.