მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საქართველო COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო, როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებულმა ზომებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ. საქართველო მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძალიან პოზიტიურად შეაფასა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.
ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკური ცენტრი საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.









