ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სახაზო სამმართველოს უფროსის, გიორგი ხურციას განცხადებით, სამართალდამცველების ავტომობილებს ამოწმებენ და მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

„საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნის აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოწმდება ავტომობილები, მოქალაქეებს ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას და ვაფრთხილებთ, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები სამი ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან“, – განაცხადა გიორგი ხურციამ.