შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში გამართული აქცია დადგმული პოლიტიკური შოუ იყო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მარნეულში დღეს გამართული აქციას პოლიტიკურ შოუს უწოდებს, რომელშიც მისი თქმით, ოპოზიციური პარტიული აქტივისტები იყვნენ ჩართული.

თქმით, სოფლის მოსახლეობასთან, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის რეალიზება სურთ, საუბარი აბსოლუტურად მშვიდ გარემოში წარიმართა და პოზიციები შეჯერდა.

„აქცია და საპროტესტო გამოსვლა იყო ძალიან უადგილო და უდროო. ყველაზე საინტერესოა, რომ მოსახლეობასთან, სადაც ჩვენ კომუნიკაციაში ვიყავით, სოფლების მოსახლეობასთან, რომლებსაც ადგილობრივი პროდუქტის გატანა და რეალიზება სურთ, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. შევჯერდით პოზიციებზე, რომ დაემატებოდა სადისტრიბუციო მანქანები და სრულად გავა პროდუქცია, რაც დაგროვილია ოჯახებში. ასე ხდება შეზღუდვების დაწესებისთანავე. ჩვენი ამ კომუნიკაციის დროს შემოვიდა საკმაოდ დიდი მოცულობის გადამზიდავი მანქანა, ორი კიდევ დაემატა და პრობლემები არ არის, ისევე, როგორც მარნეულის პროდუქტის რეალიზებაზე პრობლემები არ იქნება.

სამწუხაროდ, შემდეგ ამ სოფლებიდან ჩვენ მივიღეთ დადგმული პოლიტიკური შოუ და მასკარადი, რომელშიც ჩართული იყვნენ ოპოზიციური პარტიული აქტივისტები და აპროტესტებდნენ სხვადასხვა რამეს. რეალურად მათ არ აინტერესებდათ საქმე, პრობლემების გადაჭრის გზები და არც პრობლემების მოგვარება. ეს არის სამწუხარო. ყველაფერ ამას იყენებენ იმ დროს, როდესაც ასეთი ფონია საქართველოში, ასეთი გლობალური გამოწვევაა, ამდენად რისკია რეკომენდაციების დაუცველობისა, სოციალური დისტანცირების და მიტინგებს მართავს პოლიტიკური ოპოზიცია თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ძალიან ამორალურია და ძალიან უდროოა, მაგრამ მიჩვეული ვართ მათგან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამ ხალხს არაფერი ამოძრავებს სხვა, ამ ქვეყნის სასიკეთო, გარდა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული.