“ჩვენ ამ სცენარისთვის მზად ვიყავით” – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ამ ქალაქებიდან გადაადგილება არის მნიშვნელოვანად შესაზღუდი და ძალიან დიდი გამოწვევაა მით უმეტეს ამ დღეებში, რაც წინ გველის. ჩვენ უკვე ძალიან მასშტაბური შეზღუდვა გვაქვს მთლიანად მხარეში და, რა თქმა უნდა, რუსთავშიც.
რუსთავში საკუთარი ინდივიდუალური ტრანსპორტის გარდა არაფერი გადაადგილდება. მუნიციპალური ტრანსპორტი დიდი ხანია არ მუშაობს და ზოგადად, სოციალური დისტანცირება და მოწოდება “დარჩით სახლში” დიდი ხანია აქტუალურია. აქედან გამომდინარე, რეალიზება ამ შეზღუდვების, რაც ამ დღეების განმავლობაში იქნება არ იქნება ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, ეს ყველაფერი მიღწევადია.
ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ჩვენი ამ რეჟიმში კომუნიკაციისას ყოველ დღე ვამბობთ, რომ თანმიმდევრულად ვზღუდავთ და რეგულაციებს უფრო მეტად ვამკაცრებთ, იმიტომ რომ მივიდეთ საბოლოო შედეგამდე.
ჩვენ ყველა სცენარი გავლილი გვაქვს და მათ შორის ამ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან აქტიურ დღეებში გადაადგილების შეზღუდვას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით და შესაბამისად, ჩვენ ამ სცენარისთვის მზად ვიყავით,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, ოთხი დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავი ჩაიკეტება.