საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების კონტროლს აგრძელებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21:00 საათზე დაიწყო და დღეს დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ. შეგახსენებთ აღნიშნულ დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული დროის მონაკვეთში.
„მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას