შშმ პირთა დღის ცენტრში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში სწავლება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

აპრილის დასაწყისიდან მოსწავლეები პედაგოგებისაგან დავალებებს დისტანციურად იღებენ და ვიდეო ან ფოტო მასალის გამოყენებით ასრულებენ.

“მთელი ცენტრი დისტანციური სწავლების რეჟიმშია ჩართული. ფეისბუქ მესენჯერში ვუგზავნით ხოლმე კვირაში ერთხელ აქტივობებს და ისინი ჩვენ შესრულებულ დავალებებს გვიგზავნიან. ზოგი ვიდეო მასალას აგზავნის, ზოგი კი – ფოტო მასალას,” – განაცხადა ცენტრის პედაგოგმა, ანა შუბითიძემ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ზერეკიძის განცხადებით, დისტანციური სწავლებაში ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები.

“გვეგონა რომ მაინც გაუჭირდებოდათ ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომა, მაგრამ პროცესი კარგად მიმდინარეობს. როგორც მშობლებისგან და სპეციალისტებისაგან ვიცი, ძალიან კმაყოფილები არიან,” – განაცხადა ნანა ზერეკიძემ.