„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს”

“ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას  საგანგებო მდგომარეობით გათვალიწინებული შეზღუდვების შესრულებისა და მასობრივი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„მთავარია მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს.

პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო პერიოდი. ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს.

ჩვენ ვალდებული ვართ არა მარტო შევაჩეროთ ეპიდემია, რაც მოვახერხეთ კიდეც, არამედ აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა, იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყნის ეკონომიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ ეპიდემია, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად ფეხზე დადგომა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.