საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს.
მისივე თქმით, მთავრობამ შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონების მიმართ, არამედ მთელ ქვეყნის მასშტაბით მიიღოს.
„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.
“ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.









