ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება-თამარ გაბუნია

ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განაცხადა.

„ეს არის სცენარი, რომელიც სოციალური დისტანცირების 30-პროცენტიან მაჩვენებელს შეესაბამება. იმედი მაქვს, პროგნოზი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით შედგა, გამართლდება და ჩვენ გვექნება მხოლოდ ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება, რათა მოვახერხებთ, პიკი მაქსიმალურად გადავავადოთ, გარკვეული პერიოდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პიკი არც მივიღოთ და ეს ეტაპი მხოლოდ თანდათანობითი მატების ფონზე გავიაროთ. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, მზაობა მიდის 3 700 საწოლამდე, მაგრამ საქართველო ასეთ მძიმე სცენარს არ ელოდება.

„ასეთ მძიმე სცენარს არ ველოდებით, მაგრამ სისტემის მზაობა შემთხვევების საკმაოდ ინტენსიურ გავრცელებაზეა გათვლილი. სისტემის მზაობა არის ძალიან კარგი და კიდევ მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ პრობლემები ამ კუთხით არ შეიქმნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.