17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები.
ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს, ასევე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.