მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კითხვაზე, შემოწმდა თუ არა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ყველა მცხოვრები და რჩება თუ არა რეგიონში ვირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე.
ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, სადაც ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იყო 150-ზე მეტი კონტაქტი. 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული იყო მხოლოდ 14. რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია. დღეს მიმდინარეობს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი.
მარნეულსა და ბოლნისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე საუბრობდნენ პირველი დღიდან ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ქართული წარმოების პირბადეებზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ პროდუქციასთან დაკავშრებით გარკვეული კონსულტაციაბი გავლილი იყო და დაცვის კომპონენტი ,სრულად აკმაყოფილებს ნორმებს.
„პირბადეებზე არაერთი მიმოთქმა იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით. შემდეგ, ამ პირბადეებზე გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ და ის დაცვის კომპონენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.