2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება -ეკა დგებუაძე

„ტელესკოლა“, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, –  ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა.

ამასთან, დგებუაძის თქმით, სამინისტრო ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობს.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური სწავლების განვითარებას. ამაში ვგულისხმობთ „ტელესკოლას“, ონლაინ სწავლებას და სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ეს ყოველივე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სემესტრი შედგეს. სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე. როგორც ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა 30 აპრილამდე გახანგძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ იგეგმება, სამინისტროს მხრიდან ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე,“  – განაცხადა დგებუაძემ.