21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა

დღეს, 17 აპრილს, 12:00 საათიდან ქვეყანაში სრულად აიკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,. შეზღუდვა 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები.

ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს, ასევე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.