30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
“29 წელია, თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით.
არ შეიძლება, დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან. არ შეიძლება, პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს.
ყველას უდიდეს მადლობას გიხდით. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა და ერთად მოვიხადოთ ჩვენი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს სამსახურეობრივი მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისთვის და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ჯარის როლი, როგორც ხილულ, ასევე უხილავ მტერთან ბრძოლაში. მინისტრმა მიმართვისას ვეტერანების ღვაწლიც აღნიშნა და დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა.
ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.