თვითდასაქმებულ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ და პროცესი 1 ივნისამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაიწყო სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა.
რა სახის საბუთები იქნება მოთხოვნილი და რომელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებულ არგუმენტზე, მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი და ა.შ. იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19-ის” ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვით, თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.
პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტს ეს ნაბიჯი დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდება.







