დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით 37,5 ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს. ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, 37 ტემპერატურა არის თუ არა 112-ში დარეკვის საფუძველი.
„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი სიცხე არ ითვლება ტემპერატურად მეთქი, არსებობს ასეთი რამ, ჩემზე მეტი იცის, „გუგლი“ ჰქვია ან სხვადასხვა ენციკლოპედიები. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი, ეს არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37.5 და მეტი გარკვეულად არის ის ტემპერატურა, რომ ადამიანმა მიიღოს კონსულტაცია, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე ცნობით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტი ოქროს სტანდარტის წესით კეთდება.
კითხვაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ აქვს კორონავირუსი, თუმცა მოგვიანებით „პისიარ“ კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დღეს ტესტი კეთდება ოქროს სტანდარტის წესით.
„მე რომ ვამბობდი მაგას, ჯერ თავი შევიკავოთ მეთქი, რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე რომ ვთქვი, ბატონო, არის-თქო, რატომ არისო. რა ვქნა ახლა, ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდებიო, ნურც მოფრინდებიო. ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი ხომ? იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება.
და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ, რა. იცით, ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები კიდევ უფრო ძაბავს მოსახლეობას ფსიქიკას. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა. რა ვიცი, მე მცხვენია ხოლმე, ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ, რა, ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.